May 27, 2026

„12 თვეში 15 ხელფასი“ – „გამჭვირვალობა“ სახელფასო დანამატებისა და ჯილდოების დაბრუნებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივით შექმნილ კანონპროექტს მიმოიხილავს, რომელიც თანამდებობებზე ანაზღაურების ზრდას ეხება. როგორც TI წერს, პარლამენტი განიხილავს მინისტრების, მერების და რწმუნებულების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატისა და ჯილდოს დანიშვნას, რომელიც 2017 წლიდან გაუქმებულია.

როგორც TI წერს, კანონპროექტის ავტორების მთავარი არგუმენტი ამ თანამდებობის პირების დაბალი ანაზღაურებაა. რეალობა კი არის შემდეგი:

  • კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება ბოლო 4 წლის განმავლობაში 46%-ით გაიზარდა, მაგალითად თბილისის მერის მოადგილის სარგო 6 765 ლარიდან 9 840 ლარამდე გაიზარდა
  • ამავე პერიოდში 70 წლამდე მოქალაქეების პენსია უფრო ნელი ტემპით, მხოლოდ 42%-ით გაიზარდა (260 ლარიდან 370 ლარამდე)
  • ჯილდო-დანამატის სრულად ათვისების შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს წელიწადში 3.5 თვის ხელფასის შესაბამისი თანხა დაემატებათ, რაც თბილისის მერის მოადგილის შემთხვევაში ანაზღაურების 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე ზრდას ნიშნავს
  • ჯილდო-დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალო უფროსი იღებს ერთპიროვნულად, რაიმე სახის კრიტერიუმების, ფორმალური შეფასების და წესების გარეშე, საკუთარი სუბიექტური შეხედულებით
  • ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად (2024) საჯარო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 680 ლარია

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება განუხრელად იზრდება, კანონპროექტით შეიქმნება ანაზღაურების ალტერნატიული მატების გზები, რომელიც არის გაუმჭვირვალე, უკონტროლო და აჩენს კორუფციის ახალ არხებს.

რას ცვლის კანონპროექტი

კანონპროექტი კანონის ორ მუხლს ცვლის:

  1. სახელფასო დანამატი. მოქმედი რედაქცია მკაცრად კრძალავს დანამატის გაცემას ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირზე. კანონპროექტი ზოგად აკრძალვას ინარჩუნებს, თუმცა გამონაკლისს უშვებს მინისტრების, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობათა წევრების, სახელმწიფო რწმუნებულისა და მერის მოადგილეებისთვის – ანუ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანამატის ინსტიტუტი ფაქტობრივად ბრუნდება.
  2. ფულადი ჯილდო. ანალოგიური ცვლილებაა ჯილდოს კუთხით. იმავე თანამდებობის პირები შეძლებენ მიიღონ პრემია „ფუნქციის სანიმუშოდ შესრულებისთვის”, „ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის” ან „განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის”.

სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ