29 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე საქმე პოლიციელის თავდასხმის, სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლით არის აღძრული, -ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გმობს ძალადობას, თუმცა მოქალაქემ თავად მიაყენა დაზიანება პოლიციელს, რომელიც ახლა მკურნალობის კურს გადის. საქმე ეხება გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს, რომლის ამსახველი ვიდეო კადრები ჟურნალისტებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რასაც საზოგადოების აღშფოტება მოყვა.
ამ დროისათვის დაკავებულები არიან პოლიციელები, თუმცა ბრალდებულია პირი, რომელიც თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ქალაქ გორში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, რომლის დროსაც საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, რის გამოც დაშავდა მოქალაქე. სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებული იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით – ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა.
აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში.
სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.