200 მილიონი ევროთი დააჯარიმა ევროკომისიამ ჩინური კომპანია Temu, რომელიც ონლაინ გამოწერების პოპულარული პლატფორმაა, მათ შორის საქართველოში.
ბრიუსელი Temu-ს „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) დარღვევას ედავება, მიიჩნევს რა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო მის პლატფორმაზე შეთავაზებული უკანონო პროდუქტების სისტემური რისკებისა და ევროკავშირის მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება.
კომისია მიუთითებს, რომ ევროკავშირში მყოფი მომხმარებლებისთვის Temu-ზე უკანონო ნივთებთან შეხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია.
კომისიის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული „ფარული მყიდველის“ (mystery shopping) ტესტირების შედეგად გამოვლინდა, რომ შერჩეული დამტენი მოწყობილობების ძალიან დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა უსაფრთხოების საბაზისო ტესტები, ხოლო შემოწმებული საბავშვო სათამაშოების დიდმა ნაწილმა გამოავლინა საშუალო ან მაღალი სიმძიმის საფრთხეები, რადგან ისინი შეიცავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აჭარბებს კანონით დადგენილ უსაფრთხოების ზღვარს, ან ქმნიდნენ დახრჩობის საფრთხეს მოსახსნელი ნაწილების გამო.
ევროკომისიამ დღევანდელი ჯარიმის ოდენობა დაითვალა დარღვევის ხასიათის, მისი სიმძიმის და ხანგრძლივობის საფუძველზე.