May 30, 2026

რა გახდა 23 წლის ინდოელი სტუდენტის დაღუპვის მიზეზი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინდოელი სტუდენტი 23 წლის დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში თითქმის 2 კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ცნობით, მისი ცხედარი მტკვარში ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობისთვის, სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინდოეთის მედიამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სტუდენტის გაუჩინარებას ბინის ინდოელ გამქირავებელთან სავარაუდო კონფლიქტი უძღოდა წინ.

India Today-ის ინფორმაციით, რაჯდიპი ბოლოს მამამისს 14 მაისს ესაუბრა, რა დროსაც ზარი მოულოდნელად გაწყდა, რის შემდეგაც მისი ტელეფონი გამორთულია.

გამოცემა რაჯდიპის მამას, მაიურ რაჯდიპს, ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი მეპატრონისა და სხვა მეზობლების მხრიდან შევიწროებას განიცდიდა. მამა ამტკიცებს, რომ მათ მის შვილს „ფული, საკვები და ტანსაცმელი მოპარეს“ და როდესაც „დვანიტმა სხვაგან გადასვლა გადაწყვიტა, ანილმა უარი უთხრა დეპოზიტის დაბრუნებაზე და თანამზრახველებთან ერთად დვანიტს ანგარიშიდან 6,500 აშშ დოლარი მოახსნევინა, ოთახში გამოკეტა და ტელეფონი წაართვა“.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რაჯდიპმა თავი დაიხსნა, მამამისმა მას ინდოეთში დასაბრუნებელი ბილეთი გაუგზავნა და რომ მან „აეროპორტში გასამგზავრებლად პასპორტი და ტელეფონი აიღო, თუმცა საუბრისას მოულოდნელად ზარი გაწყდა“. გამოცემის ცნობით, სტუდენტის მშობლებმა აღნიშნეს, რომ „მაშინ როცა ინდოეთის საელჩო და ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები ეხმარებიან მათ, ქართული პოლიცია, ადგილობრივი ადმინისტრაცია ან უნივერსიტეტი მათთან არ თანამშრომლობენ“.

India Today ასევე იტყობინება, რომ რაჯდიპის მამასა და მეპატრონე ანილს შორის WhatsApp-ის შეტყობინებებმა აჩვენა, რომ რაჯდიპსა და მეპატრონეს ადრე არაერთი უთანხმოება ჰქონდათ, მათ შორის „ინციდენტი, რა დროსაც მან, სავარაუდოდ, ანილის შეყვარებულს დაარტყა. შურისძიების მიზნით, ანილი დვანიტის მამას დაემუქრა და გააფრთხილა, რომ სტუდენტს სასტიკად სცემდა მისი ქმედებების გამო”.