დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებისა და ხელისუფლების პირველ პირებთან რიგით მეორე შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეჯერდნენ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება.
მისივე თქმით, კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს სათანადო ინფორმაცია ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, მშობლები აცხადებენ, რომ კმაყოფილი არიან პროცესით და უწყვეტ აქციას დღეს დაასრულებენ, ხოლო კვირას მადლიერების მარშს გამართავენ. კახა წიქარიშვილის თქმით, მადლობას გადაუხდიან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და მთავრობას – გადაწყვეტილების მიღების გამო.