June 5, 2026

სკოლებში სასწავლო პროცესის დროს ტელეფონების გამოყენება აიკრძალა

სკოლებში სასწავლო პროცესის დროს ტელეფონების გამოყენება აიკრძალა გარდა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი შემთხვევებისა, – გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო, რომელმაც სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის დაამტკიცა.

აღნიშნული წესი ადგენს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის პირობებს, ასევე სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, მოსწავლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სპეციალური სათავსის მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს.

ბრძანების თანახმად, სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის მობილური ტელეფონების/სმარტფონების და “ჭკვიანი“ საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი.

ბრძანების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება აკრძალულია, გარდა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი შემთხვევებისა.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება.