ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 ივნისს სითბოს ფონზე ცალკეულ, ხოლო 11 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9-10 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
June 8, 2026
წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე – ამინდის პროგნოზი