June 10, 2026

თბილისის სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ „ქოლცენტრების“ მმართველები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქოლცენტრების” ეპიზოდზე დღეს პროკურატურის ორი მოწმე იკითხება. საუბარია სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე, სადაც დღეს ქოლცენტრების მმართველები ისაუბრებენ თავიანთ თაღლითურ საქმეებზე და მათ მფარველობაში გრიგოლ ლილუაშცვილს ამხელენ.

როგორც საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა ტვ.პირველს განუცხადა, ამ ეტაპისთვის, არცერთი დასახელებული მოწმე ბრალდებულის სტატუსით არ სარგებლობს.

იმავეს ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე, რომ პროკურატურის მოწმეები – ზოგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული, ზოგს კი საერთოდ არ აქვს ბრალი წარდგენილი.

როგორც ლანა ცერცვაძე აცხადებს, პირი თუკი საუბრობს ჩადენილ დანაშაულზე, მის მიმართაც უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

შეგხსენებთ, ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.