June 13, 2026

იმერეთის დეპარტამენტის თანამშრომლები – ვინ არიან მოქალაქეებზე მოძალადე პოლიციელები?

მოქალაქეებზე მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ სკანდალურ კადრებში იხილა საზოგადოებამ, იმერეთის პოლიციის თანამშრომლები არიან, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებით ირკვევა. როგორც უწყება აღნიშნავს, ფაქტი 2022 წელს მოხდა, სამი პოლიციელი კი 4 წლის შემდეგ, 2026 წელს დააკავეს. ამის მიზეზი კი აღნიშნული კადრები გახდა. „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – აცხადებს შსს. ცნობისთვის, ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია პირი, ვინც კადრები პოლიციის ჩატიდან გადმოწერა. გვრცელებული ვერსიით, მას შანტაჟში ადანაშაულებენ. კადრების გავრცელების შემდეგ მოქალაქეები შსს-ს სამინისტტროსთან, თბილისში, გულუას ქუჩაზე მივიდნენ და სისტემური ძალადობა გააპროტესტეს. პოლიციელთა ძალადობას გააპროტესტებენ დღეს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები დედაქალაქში, „შაბათის მარშზე“.