June 20, 2026

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ – მინისტრის განმარტება

ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებს, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ

მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია სკოლებისთვის ფორმების მიწოდების განრიგის, ასევე ფორმის ღირებულების შესახებ ზაფხულის პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორც ის აღნიშნავს, გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.

„ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება,” – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვისთვის 45 მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან” გააფორმა. კომპანია საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა და მისი დირექტორის თანამდებობას ლიუ ქსიაოლინ იკავებს, ქსიალონი საჯარო რეესტრში ასევე კომპანიის 100%-ის მფლობელია. კონტრაქტი ტენდერის გარეშე პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა.