|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

45 ტროლი BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ - „მითების დეტექტორმა” ყალბი ანგარიშები გამოავლინა

“მითების დეტექტორმა” შეისწავლა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებისა და ფეისბუქ-გვერდების, მათ შორის, გია გაჩეჩილაძის მოძრაობასთან “არ აგარევინებთ” დაკავშირებული ამავე სახელის მქონე გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები, რომლებიც BBC-ის გამოძიების გაბათილებას და როგორც BBC-ის, ისე გამოძიების რესპონდენტის, ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ემსახურებოდა.

კვლევის ფარგლებში, 2025 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში, გამოვლინდა 45 ყალბი ანგარიში. გამოვლენილი 45 ანგარიშიდან 33 ყალბ ფოტოებს იყენებს, 12 კი ვინაობას მალავს. ისინი აქტიურად იწონებდნენ და აკომენტარებდნენ პროპაგანდისტული მედიებისა და Facebook გვერდების პოსტებზე, განსაკუთრებით: იმედი, რუსთავი 2, აი პოლიტიკა და არ აგარევინებთ.

გარდა ამისა, ყალბი გვერდები კოორდინირებულად ავრცელებენ ფრაგმენტებს “ქართული ოცნების“ წევრების ინტერვიუებიდან. ორიენტირებული არიან ოპოზიციის, მედიის, არასამთავრობო სექტორის, დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციაზე და პროტესტის მონაწილეების შესახებ დამცინავი ვიდეოების გავრცელებაზე.

"საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკისა და 2024 წელს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ BBC-ის მიერ  ჟურნალისტურ გამოძიებას ფეისბუქზე ყალბი ანგარიშების გააქტიურება მოჰყვა. 

მითების დეტექტორმა შეისწავლა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებისა და ფეისბუქ-გვერდების, მათ შორის, გია გაჩეჩილაძის მოძრაობასთან "არ აგარევინებთ" დაკავშირებული ამავე სახელის მქონე გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები, რომლებიც BBC-ის გამოძიების გაბათილებას და როგორც BBC-ის, ისე გამოძიების რესპონდენტის, ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ემსახურებოდა.

კვლევის ფარგლებში, 2025 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში, გამოვლინდა 45 ყალბი ანგარიში, რომლებიც მათი ქცევის მიხედვით, 2 კატეგორიად შეგვიძლია დავაჯგფოთ:

  1. არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც ფეისბუკ-გვერდებთან "აი პოლიტიკა" და "არ აგარევინებთ" არიან დაკავშირებული და მეტწილად კომენტარებით, პოსტებზე რეაქციების გამოხატვით შემოიფარგლებიან. აღნიშნული გვერდები, თავის მხრივ,  ხელისუფლების მხარდამჭერ, "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერს ვატო შაქარაშვილს და გია გაჩეჩილაძის მოძრაობას "არ აგარევინებთ" უკავშირდება. ეს ანგარიშები ასევე გამოიყენება ტვ იმედისა და რუსთავი 2-ის ზოგიერთ პოსტზე ჩართულობის გასაზრდელად. 
  2. ყალბი ანგარიშების ნაწილი დამოუკიდებლად პოზიციონირებს, მათ შორის ზოგიერთი კონტენტს თავად ქმნის პოსტებისა და მოკლე ვიდეოების (რილსების სახით) და კოორდინირებულად ავრცელებს კონკრეტულ კონტენტს, მაგალითად, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტს, რაც აქციის დაშლისას დაზარალებულების შესახებ მის ხუმრობას ასახავს.

გამოვლენილი ყალბი ანგარიშები შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან:

  • 45 ყალბი ანგარიშიდან 33 სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს, იდენტობას იპარავს, 12 კი იდენტობას  მალავს;
  • 45 ანგარიშიდან 41-ს პროფილის ფოტო პირველად 2025 წელს აქვს ატვირთული, რაც ანგარიშის შექმნის თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული;
  • 45 ანგარიშიდან  31-ს სამუშაო ადგილად საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია აქვს მითითებული, 30-ს კი სასწავლებლად ქვეყანაში არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტი და კოლეჯი. 
  • 45-დან 31 ყალბი ანგარიში ფეისბუკ გვერდებთან "აი პოლიტიკა" და "არ აგარევინებთ" არის დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ გვერდების მიერ გავრცელებულ პოსტებზე გამოხატავს რეაქციას/აკომენტარებს, არამედ ტელეკომპანიების იმედისა და რუსთავი 2-ის კონკრეტულ პოსტებზეც ზრდის ჩართულობას;
  • 12 ყალბი ანგარიშიდან, რომელიც იდენტობას მალავს, 3 ქართული ოცნების პოსტს იწონებს, 7-მა კი ტელეკომპანიების იმედისა და რუსთავი 2-ის პოსტებზე დატოვა კომენტარი;
  • ანგარიშები, რომლებიც პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების პოსტებზე კომენტარებს ტოვებენ/იწონებენ, უცხოურ სახელსა და გვარებს იყენებენ (Jon Terner, Roberto Cavalli, Tomas Miüler).
  • 3 ანგარიში (Luka Gagnidze, საქართველოს მხარდამჭერი, Archil Tabatadze), მითების დეტექტორის მიერ წარსულში გამოვლენილ ანგარიშებთან (Tinatin Topuria, მარი კვარაცხელია, Katevan Turiashvili *წარსულში (Tatie Toloraya), Nati Topuria) ერთად სისტემატიურად ავრცელებს მოკლე ვიდეოებს (რილებს), რომლებიც ფოკუსირებულია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორების დისკრედიტაციაზე, ამავე დროს, ისინი კოორდინაციაში არიან როგორც ერთმანეთთან,  ისე პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასა და სხვა ანონიმურ ანგარიშებთან. 

ყალბი ანგარიშები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

45 ანგარიშიდან 33, სანდოობის შექმნის მიზნით, პროფილზე სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და გაცნობის საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის ფოტოებს იყენებს.

ყალბი ანგარიშების ნაწილი გარდა იმისა, რომ იწონებდა "აი პოლიტიკას" მიერ გავრცელებულ პოსტებს, კომენტარს ტოვებდა ფეისბუკ გვერდის "არ აგარევინებთ" მიერ გავრცელებულ მასალებზე, რომლებიც თავის მხრივ პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ყალბი ანგარიშები იწონებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს ციტირებდა და ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის მმართველი ელიტა ქვეყანას ანგრევს, BBC კი დეზინფორმაციას ავრცელებს, ამიტომ ბრიტანეთს არ აქვს მორალური უფლება საქართველო გააკრიტიკოს. ამავე ანგარიშებს მოწონებული ჰქონდათ TV Imedi-ის მიერ გავრცელებული კირცხალიას განცხადება, რომელშიც ის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელის, კაია კალასისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებებს შეურაცხმყოფელს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ისინი საქართველოს შიდა პოლიტიკაში პირდაპირ ერევიან და ადგილობრივ "აგენტურას" დავალებებს აძლევენ.

ყალბი ანგარიშები, რომლებიც იდენტობას მალავენ

მითების დეტექტორის მიერ გამოვლენილი 45 ყალბი ანგარიშიდან 12 სოციალურ ქსელში მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ უთითებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობით ხასიათდება. მათგან ზოგიერთი "ქართული ოცნების" ოპონენტებისა და პროევროპული პროტესტის მონაწილეების მადისკრედიტირებელ ვიდეოებს ავრცელებს და კოორდინაციაშია ასეთივე ქცევის მქონე სხვა ანგარიშებთან, ნაწილი კი პირად პროფილზე პოსტებს არ აზიარებს და მხოლოდ კომენტარების წერით ან პოსტების მოწონებით შემოიფარგლება. ამ პოსტებს შორისაა ტელეკომპანიების რუსთავი 2-ისა და იმედის მიერ გავრცელეუბლი ექიმ ჩახუნაშვილის კომენტარი, ასევე ქართული ოცნების ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ BBC-ის გამოძიება დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს და პარტია ბრიტანული ტელევიზიის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ყალბი ანგარიშების ნაწილს უცხოენოვანი სახელები აქვს შერჩეული (Jon Terner, Roberto Cavalli, Tomas Miüler).

ყალბი ანგარიშების მიერ დატოვებული კომენტარები

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებას შეეხებოდა და მასში ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევა აქციებში მონაწილე პირების მიერ დასახელებული სიმპტომების გასაანალიზებლად იყო გამოყენებული. თუმცა პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები, ფეისბუკ გვერდები და სოციალური ქსელის სხვა ანგარიშები ამტკიცებდნენ, თითქოს BBC-ის გამოძიება ყალბია მხოლოდ იმიტომ, რომ ის პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის კვლევას "ეყრდნობოდა". მათი "მტკიცებულება" გახდა არასწორი კონტექსტით გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩახუნაშვილი განმარტავს, რომ კვლევა აქციის მონაწილეების სიმპტომების აღრიცხვას ეხებოდა და არა "კამიტის" შესწავლას. ჩახუნაშვილის ახსნა კი ისე იყო წარმოაჩინილი, თითქოს BBC-ის გამოძიება სწორედ მის ჰიპოთეზაზე იყო აგებული.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის კომენტარი, რომელიც რუსთავი ორმა გაავრცელა,  ყალბი ანგარიშების სამიზნე გახდა. ისინი  რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარებში აღნიშნავდენ, რომ BBC-ის მასალა გამოგონილი და დეზინფორმაციულია,  და რომ თავად კვლევის ერთ-ერთი ავტორი  ადასტურებს კვლევის არასანდოობას.  კომენტარებში ყალბი ანგარიშები მკვლევრებს ირონიულად და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ, პარალელურად, ქართული ოცნებისგან მოითხოვენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების გამო კვლევის ავტორები დასჯილიყვნენ, ხოლო BBC-ისთვის კი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო უნდა ეჩივლათ. ყალბი ანგარიშების ნაწილმა კომენტარი დატოვა ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბარათზე, სადაც კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ კვლევის მიმდინარეობისას არ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტული ქიმიური აგენტის გამოყენების შესახებ და თავადაც სრულად არ იყო გაცნობილი "კამიტის" შემადგენლობას.

გარდა ამისა, BBC-ის გამოძიების კონტექსტში ფეისბუკ გვერდმა "არ აგარევინებთ" დისკრედიტაციის მიზნით, პროტესტის მონაწილეების სხვადასხვა ტელევიზიასთან გაკეთებული კომენტარი გააშარჟეს, სადაც ისინი დარბევების შემდეგ არსებულ სიმპტომებზე საუბრობდნენ. გვერდმა "არ აგარევინებთ" გაავრცელა ასევე ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი თეა ადეიშვილი BBC-ის გამოძიების შესახებ უცხოელ ექსპერტს ესაუბრება. გვერდის მტკიცებით, ჟურნალისტს ექსპერტის პასუხი არ ესიამოვნა. ამ პოსტების კომენტარებში ყალბი ანგარიშები დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ პროტესტის მონაწილეებს, აუფასურებდნენ მათ სიმპტომებსა და დარბევის შედეგად შექმნილ ჯანმრთელობის პრობლემებს და  მეორე მხრივ BBC-ს ქართულ ოპოზიციურ ტელევიზიებთან აიგივებდნენ. 
 

ვიდეოების კოორდინირებულად გავრცელება ყალბი ანგარიშების მიერ 

5 დეკემბერს 7 არაავთენტურმა ანგარიშმა (Tinatin Topuria, მარი კვარაცხელია, Nati Topuria, Ketevan Turiashvili, Luka Gagnidze, Archil Tabatadze, საქართველოს მხარდამჭერი)  ფეისბუკ გვერდთან "ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები" კოორდინირებულად გაავრცელა  ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის "კამიტის" ეფექტით დაზარალებული თუთიყუშის შესახებ ხუმრობს. მათგან 4 (Tinatin Topuria, მარი კვარაცხელია, Nati Topuria, Ketevan Turiashvili,) წარსულში  მათე დევიძის დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ, იმ პერიოდში, Ketevan Turiashvili სხვა ფოტოთი, ასევე და სახელითა და გვარით (Katie Toloraya) სარგებლობდა.

ამ ანგარიშების კონტენტი ფოკუსირდება ოპოზიციის, მედიის არასამთავრობო სექტორის, პროტესტის მონაწილეების, დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციაზე. გარდა ამისა, ეს ანგარიშები სისტემატიურად ავრცელებენ ირაკლი კობახიძის ინტერვიუებიდან ფრაგმენტებს.

იდენტური ვიდეო რამდენიმე საათში კიდევ ორმა ფეისბუკ გვერდმა გაამოაქვეყნა. მათგან ერთი (სიმართლის დროა) ღიად ოპონენტების მადისკრედიტირებელ კონტენტს ავრცელებს, მეორე კი (საქართველო და სამეზობლო) გასართობი შინაარსის კონტენტთან ერთად, პროევროპული პროტესტის მონაწილეების შესახებ დამცინავი ვიდეოების გავრცელებითაც გამოირჩევა, - ვკითხულობთ კვლევაში.

 
 
 
 

 

ავტორი: