ქუთაისში, ციციშვილის ქუჩაზე სოციალურად დაუცველი ოჯახის ორსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ორმოცაძეების ხუთსულიანმა ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე ჩამონგრეული სახლის სარეაბილიტაციოდ, დახმარების მისაღებად რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, როგორც ოჯახის დიასახლისი ნანული ორმოცაძე ამბობს, მათ თხოვნას თავის დროზე ყურადღება არავინ მიაქცია. “დაპირება იყო დახმარებაზე, მაგრამ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა. სახლი უკვე ჩამოინგრა. კიდევ კარგი, რომ შიგნით არავინ იყო,” – ამბობს ნანული ორმოცაძე. ორმოცაძეების ხუთსულიანი ოჯახი ამ დროისათვის ჩამონგრეული სახლის გვედით, ოროთახიან სახლში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ორმოცაძეების დროებითი თავშესაფრის სახურავიც ჩამოშლილია, საიდანაც წყალი ჩამოდის. ამ დროისათვის, ჩამონგრეული სახლის დასათვალიერებლად ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე ლომიძე და მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე იმყოფებიან. როგორც კოტე ლომიძე განმარტავს, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულთა ოჯახს დაეხმარება. თუმცა, ლომიძის განცხადებით, “მთელი ქალაქი ამ მდგომარეობაშია და ყველა მოგვადგება. ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს. მომავალი წლის ბიუჯეტში ვიზრუნებთ იმაზე, რომ სახლები დანგრევამდე არ მივიდეს,” – განაცხადა ლომიძემ. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.
ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი ჩამოენგრა
17 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 19
ორმოცაძეების ხუთსულიანი ოჯახი ადგილობრივ თვითმმართველობას ჩამონგრეული სახლის სარეაბილიტაციოდ დახმარებას ერთი კვირაა სთხოვს.
თეგები: სახლის ჩამონგრევა • სოციალურად დაუცველები • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები