May 16, 2014

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი – კორპუსების გადახურვის პრობლემა წელს მთლიანად მოგვარდება

ქუთაისში პროგრამა „კორპუსის“ ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტს მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური ახორცილებს. როგორც მერიაში აცხადებენ, გათვალისწინებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობაში ხელშეწყობა და განვითარება.

“პროგრამის ფარგლებში იგეგმება 6320,0 ათასი ლარის ღირებულების გადასახური ჰიდროსაიზალაციო მასალის მინაქსოვილზე ნაფხვენით, გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთერთა ამხანაგობებისათვის,” – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა დღეს დადიანის ქუჩის #53- 59-ში გადასახური მასალების დარიგების პროცესს თავად დაესწრო, როგორც მიქიაშვილმა განაცხადა წელს ქუთაისში მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.