ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მთავრობა მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას იმ ადგილებში გეგმავს, სადაც საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას.
პროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციისთვის მზა სასკოლო მოდულების შეძენასა და საჭიროების მიხედვით მათ ადგილზე მონტაჟს. შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურაც.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.
მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი – კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.