July 7, 2014

ქუთაისის მერი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილებას 14 ივლისიდან შეუდგებიან

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საკრებულოს ახლადარჩეულ დეპუტატებს დროებითი მოწმობები გადაეცათ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საკრებულოს წევრებს დეპუტატის მანდატებს საკრებულოს აპარატი გადასცემს. მისივე განცხადებით, ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს გაიმართება. დროებითი მოწმობების გადაცემის ცერემონიალს, ქალბატონი დეპუტატების გარდა, საკრებულოს უმრავლესობა დაესწრო. “ამაყები ვართ, რომ გავხდით ქუთაისის საკრებულოს წევრები. არ ვაპირებთ ვიყოთ რადიკალური ოპოზიცია. ყველა სასიკეთო წამოწყებაში ხელისუფლებას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამავე დროს ვიქნებით კრიტიკულები და კონსტრუქციულები,” – განაცხადა საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ. კანონის თანახმად, დროებითი მოწმობა ქუთაისის არჩეულ მერს, შოთა მურღულიასაც გადაეცა. მურღულიას განცხადებით, კანონმდებლობით მერის უფლებამოსილების შესრულებას ის 14 ივლისიდან შეძლებს.