59 პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, 69 სამსახურიდან გათავისუფლების - ზეწოლის ფაქტები საქართველოში
59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება, 69 ადამიანი სამსახურებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ან შეავიწროვეს. - პოლიტიკური შეხედულებების გამო ზეწოლის ფაქტებზე სახალხო დამცველმა ისაუბრა.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით გამოირჩეოდა.
სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო არაერთი ინფორმაცია კანდიდატობასა და ხმის უფლებაზე იურის თქმის იძულების თაობაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. 59-დან 52 არის პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, 6 "ნაციონალური მოძრაობის" და 1 "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის", - აცხადებს სახალხო დამცველი.
ირკვევა, რომ 69 ადამიანი სამსახურებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ან შეავიწროვეს.
სამსახურეობრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელოში, აჭარაში და შიდა ქართლში.
დასაქმებულები გაათავისუფლეს ასევე შსს-ს აპარატიდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, ა(ა)იპ-ებიდან.
მათმა უმრავლესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული ურთიერთობა დაასახელა.
ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს 5 ძალადობრივი ინციდენტისა და ასევე, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის 5 სავარაუდო შემთხვევის თაობაზე. ძალიან საყურადღებო იყო გავრცელებული ინფორმაცია საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების მაღალი ალბათობის თაობაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები გამოიყენებოდა ამ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი: ნიუპრესი