August 5, 2014

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტი 1170 პატიმრიდან 519–ს დაუდგინდა

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო დღესთან დაკვშირებით დისკუსია გაიმართა. როგორც დისკუსიაზე აღინიშნა, სახელმწიფო პროგრამას, რომელიც C ჰეპატიტით დაავადებულთათვის 2014 წლის იანვრიდან ხორციელდება, დამატებითი სერვისები დაემატება. “საქართველოს სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მთლიანად ფინანსდება პატიმართა მკურანლობა. 60%–ით გაიაფდა ინტერფერონის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის სიახლეები იქნება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა იქნება გავრცობილი,” – აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თემურ ნადირაძემ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლის იანვრიდან ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით, C ჰეპატიტზე 4700 პატიმარი იქნა გამოკველული, რომელთაგან მკურანლობის კურსს 223 პატიმარი გადის. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავრი ექიმის, ნატალია რევიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულების 1170 პატიმრიდან C ჰეპატიტი 519 დაუდგინდა. მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში კი მხოლოდ 52 პატიმარი ჩაერთო. “პროგრამაში ჩაერთვნენ ის პატიმრები, რომლებიც კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ,” – განაცხადა ნატალია რევიშვილმა.