ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.
ჰაბში ამოქმედდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.