საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სტუდენტობა მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია — ათასობით ახალგაზრდისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური წლები იწყება.
თქვენ ხართ გამორჩეული თაობა, რომელმაც მაღალი კონკურენციის პირობებში სახელმწიფო უნივერსიტეტები აირჩია და ამით იმ საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი გახდა, რომელიც ცოდნის გაღრმავებას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
სტუდენტობა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც, ცოდნის მიღებასთან ერთად, სავსეა საინტერესო გამოცდილებებით, ახალი მეგობრებით, ამავდროულად, გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით.
ჩვენი მიზანია თითოეული თქვენგანისთვის უზრუნველვყოთ ხარისხიანი განათლების მიღება და პროფესიული განვითარება – სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ უმაღლესი განათლების ეროვნულ რეფორმას. ამ რეფორმის ფარგლებში თქვენ ხართ სტუდენტთა პირველი ნაკადი და მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტებში სწავლას თითოეული თქვენგანი სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსებით დაიწყებს.
გულითადად გილოცავთ სტუდენტობას და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე მიულოცა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.
მიღების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში.
ასევე გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
ღონისძიებას ესწრებოდა 5 000-მდე პირველკურსელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიდან.
პირველკურსელთა მიღების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.