შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისსა და რეგიონებში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს

3 ოქტომბერი, 2026 • Newpress • 96

თბილისსა და რეგიონებში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს.

კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, –  აცხადებს შსს.