|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა.

ილიას 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

 ილიას დამსახურება ქართველი ერის წინაშე განუზომელია, მრავალმხრივია მისი მემკვიდრეობა. 1863 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
საქართველოში დამკვიდრებული ილია აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას.

70-90-იან წლებში დაიწყო მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა ილიას ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი.

მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.

ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი.

ილია ჭავჭავაძე  1907 წლის 12 სექტემბერს მოკლეს წიწამურში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ავტორი: ნიუპრესი