9 აპრილი დამოუკიდებლობის, ხოლო 26 მაისი პრეზიდენტის დღედ გამოცხადდეს - ნატო ჩხეიძე
9 აპრილი დამოუკიდებლობის, ხოლო 26 მაისი პრეზიდენტის დღედ გამოცხადდეს - ამ ინიციატივით პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიმართავს.
დეპუტატის განმარტებით, საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა.
“ 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ავტორი: ნიუპრესი