თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და აიპებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას თვითმმართველობების დონეზეც გადაწყვეტს, ეს საშური საქმე იქნება, - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი. დეპუტატი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას „სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ნაწილის შესაძლო გაუქმის შესახებ ეხმიანება და არ გამორიცხავს, რომ სამინისტროების შემცირების შემდეგ შესაძლოა, ჯერი ააიპებზე და სიპებზე მიდგეს.
მისი თქმით, ააიპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა დიდი რაოდენობაა, რომელთა დიდი ნაწილი პარტიულ აქტივსა და ჩინოვნიკების ახლობლებს შეადგენს, ასევე ხდება ფუნქცია- მოვალეობების დუბლირება.
თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და არა მარტო ცენტრალურ დონეზე, რეკომენდაციების სახით მაინც ჩამოვიდეს თვითმმართველობების დონეზე, ეს საშური საქმე იქნება. ამით შესაძლებელი იქნება გამოთავისუფლდეს მნიშვნელოვანი თანხები, რომლის მიმართვა შესაძლებელი იქნება სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტებისათვის თუ პრობლემების მოსაგვარებლად. ააიპებში დასაქმებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ თანამდებობის პირების ნათესავებს, პარტიულ აქტივს... ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ეს თანხა, როგორც პენსია, ისე მისდით სახლში. ააიპებსა და შპს-ებში რომ თანამშრომელთა დიდი რაოდენობაა დასაქმებული, როგორც შტატიანი, ასევე ხელშეკრულებით აყვანილი და შტატგარეშე თანამშრომლები, რომელთა შორის ხშირია უფლება- მოვალეობის დუბლირება, ამის შესახებ ჩვენ კვლევები გვაქვს გაკეთებული, მოვაწყვეთ პრეზენტაცია და მოვამზადეთ რეკომენდაციები მერიის სახელზე, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება იყო აუცილებელი, -განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
ევროპული საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუთაისის მერიის 15 ააიპსა და შპს-ში 3676 ადამიანია დასაქმებული, ამათგან შტატით 3469 ადამიანია, შტატგარეშე 207 თანამშრომელია, მათი ხელფასებისათვის თვეში 1 518 746 ლარი გაიცემა, აქედან შტატში მყოფთათვის -1 392 439 ლარი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებისათვის, ჯამში, თვეში 126 307 ლარი გაიცემა. წელიწადში, ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების სახელფასო თანხა 18 224 961 ლარს შეადგენს. (დაზუსტებული მონაცემები).
კვლევის პრეზენტაცია მაისში მოხდა. როგორც მეშველიანი აცხადებს, ამ მონაცემებში ვერ მოხვდა მერიის შპს "მეოთხე პოლიკლინიკა", შესაბამისად, რეალური ციფრები გაცილებიც მაღალი იქნება. კვლევაში ასევე არაა ასახული ამ ორგანიზაციებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობა.
როგორც მეშველიანი განმარტავს, მას მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. "ალბათ, მოხდება რამდენიმე ააიპის შემცირება, ან დამსხვილება. მნიშვნელოვან ცვლილელებს არ ველოდები, არადა ცვლილებები აუცილებელია, ეს უფრო პიარისათვის გაკეთებული განცხადება მგონია. რეალურად კი, პარტიულ აქტივს რეკომენდაციებით დანიშნულ თანამშრომლებს ვერ შეეხებიან, შესაძლია, ჯოხი გადატეხონ ისეთებზე, რომლებიც რეკომენდატორების გარეშე მუშაობენ", -განაცხადა მეშველიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტმა მამუკა ბახტაძემ „სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ნაწილის შესაძლო გაუქმის შესახებ განცხადება გააკეთა.