ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება საერთაშორისო სასამართლოს - საია დარბევებზე
ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, მათ შორის, აქციებზე დაშავებულ პირებს.
ქურდოვანიძის განმარტებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ანდა მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს.
ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შესაძლებელია ამ მიმართულებით მიმართვა და საქართველოს სიტუაციის შესწავლა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და ამ განაცხადით გვინდა ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ პროცესები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ამ დარღვევების დეტალურ დოკუმენტირებას“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
ავტორი: ნიუპრესი