|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„აგლაია აბზიანიძის სტიპენდია“ #41 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს

   ქუთაისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა  ვაჟა ჯუღელმა,  სკოლის მე - 11  კლასის წარჩინებულ მოსწავლეს,  მათე შარვაძეს „აგლაია აბზიანიძის სახელობის სტიპენდია“ დაუნიშნა, ამის შესახებ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა - მატემატიკური სკოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან გვებულობთ.

"მოგეხსენებათ, ბატონი ვაჟას დედა, ქალბატონი აგლაია აბზიანიძე ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი გახლდათ 1975-2009 წლებში. იმ ამაგის პატივსაცემად, რომელიც მან მოღვაწეობის წლებში გაიღო სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებისათვის, სკოლაში გახსნილია მისი სახელობის მათემატიკის კაბინეტი", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც ვაჟა ჯუღელი  აცხადებს,  სტიპენდიის დაარსების იდეა მას და მის და-ძმას ეკუთვნის,  მიზანი კი, წარჩინებული მოსწავლეების ხელშეწყობაა.  "ჩვენ მივმართეთ სკოლას,  რომ თვითონ შეერჩიათ  მოსწავლე, რომელიც ამ სტიპენდიას მიიღებს. ეს გახლავთ წარჩინებული მოსწავლე მათე შარვაძე.  სტიპენდიის გაცემა მომავალშიც გაგრძელდება, შესაფერის კანდიდატურას კი სკოლა შეარჩევს", -აღნიშნა ჯუღელმა. 

„აგლაია აბზიანიძის სტიპენდიის“ მფლობელს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემა. 

აგლაია აბზიანიძე ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელის დედა იყო.  ის მათემატიკის დარგში 56 წელი მოღვაწეობდა. ღვაწლმოსილი პედაგოგის, აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი #41 ფიზიკა - მატემატიკური სკოლაში გასულ წელს გაიხსნა. კაბინეტის გახსნას ქალაქის მერი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე