აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წელი გავიდა
180 წლის წინ, 1840 წლის 21 ივნისს დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი წერეთელი დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. მან დაარსა ყოველთვიური ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) , რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907).
ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.
ავტორი: ნიუპრესი