"ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა ერთ მედიასაშუალებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს"
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.
10 პოლიტიკური პარტია; "ახალი საქართველო", "ევროპელი დემოკრატები", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" , "რესპუბლიკური პარტია" და "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" თანხმდება, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ამავდროულად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
"ჩვენ, განცხადებაზე ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვეხმიანებით ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე ე.წ. ,,ქართული მარშის“ წევრებისა სხვადასხვა რელიგიური ექსტრემისტრების მხრიდან (მათ შორის მართმადიდებელ მშობელთა კავშირი) 19 მარტს განხორციელებულ თავდასხმას და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, აგრეთვე, ჟურნალისტთა დაშინება და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.
რეალურად რუსეთის სპეც.სამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული „რუსული მარშის“ წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი.
ტელეკომპანიის ჟურნალისტისათვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე, მისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადასტურებს, რომ ძალადობის აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და მათთვის მისაღებია ყველა აზრის თუ პოზიციის მხოლოდ ძალისმიერი გზით აღკვეთა.
ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის ზოგადად ხელისუფლების და მისი ცალკეული წარმომადგენლების მყარი და ურყევი პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ერთგულებას ღირებულებებისადმი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, საკუთარი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებით, არათუ ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, რუსეთიდან მართულ ჯგუფებს აქეზებენ დამატებითი აგრესიის განხორციელებისათვის.
ჩვენ, ქვემორე განხადებაზე ხელის მომწერი პარტიების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მან მკაცრად შეაფასოს ნებისმიერი ამგვარი ძალადობრივი აქტი და თავად პირველ რიგში, დადგეს კანონის სადარაჯოზე.
აღნიშნული ფაქტი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია - საშუალების, მისი ჟურნალისტების დაშინებასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას.
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ: მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდისხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ოპოიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწერენ.
ავტორი: ნიუპრესი