ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის ივანიშვილი დასანქცირდა, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აღნიშნული სანქციების შედეგად ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
"აშშ-ს მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დააზიანეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეუწყვეს ხელი ადამიანის უფლებების დარღვევებს და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. გარდა ამისა, მათ შეაფერხეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი – მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი აშკარად ემხრობა და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამის შედეგად, საქართველო კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა რუსეთის მიმართ, რომელიც კვლავ იკავებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის ქართველი მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობრივ ჩახშობას. აშშ სრულად ერთგულია პასუხისმგებლობის დაკისრებისა იმ პირებზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
ივანიშვილს სანქციები დაეკისრა აღმასრულებელი ბრძანებულების 14024 მუხლის 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, დემოკრატიული პროცესებისა თუ ინსტიტუტების შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ დანგრევაში პასუხისმგებლობისთვის, თანამონაწილეობისთვის, ან უშუალოდ ან არაპირდაპირ განხორციელებული", -განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ავტორი: