"ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული მარშრუტიდან" - ანტისანიტარია რიონის სანაპიროზე [PHOTO]
ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროზე არსებული ანტისანიტარია გააპროტესტეს. წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემაზე დღეს პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა და გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა ისაუბრეს.
მათ "ჯაჭვის ხიდთან" ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.
"დასუფთავების სერვისის ერთადერთი მომწოდებელი არსებობს, ეს არის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა, რაშიც ჩვენ გადასახადებს ვიხდით. როგორ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას და რას გვთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ ადგილიდანაც კარგად ჩანს. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც მსგავსი პრობლემა გვაქვს "- აცხადებს ცამციშვილი.
ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობს უნდა წარმოადგენდეს, მეტ ყურადღებას საჭიროებს.
"ქალაქის ისტორიული ნაწილი საინტერესო ლოკაციაა ტურისტებისთვის, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული მარშრუტიდან, რადგან უხერხულია ტურისტების აქ მოყვანა. ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, დაიგეგმოს დასუფთავების აქციები და გავალთ ყველანი", -განაცხადა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიის მოვლა-პატრონობა გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა პერიოდულად სანაპიროს დასუთთავება აქციის ფარგლებში ხდება.
"აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ჩვენ არ გვეხება, თუმცა, რადგან ტურისტული ზონაა, წელიწადში რამდენჯერმე დასუფთავების აქციის ფარგლებში ვწმენდთ ამ ადგილებს. ამ აქციაში ჩართული არიან "თეთნულდის" წევრები. პრობლემა არის კომპლექსური, გარემოს დაცვა ვალდებულია, მოაწესრიგოს ეს პრობლემა, დააწესოს სანქციები, რომ მოქალაქეებმა არ მოახდინონ ტერიტორიის დაბინძურება. ჩვენი მისამართით ხელის გაშვერა ამ კონკრეტული ფაქთან დაკავშირებით არამიზანშეწონილია. ეს კარგად იცის თემურ ცამციშვილმა, მაგრამ პოლიტიკურ ქულებს იწერს. აქვე მინდა ვისარგებლო და მოგიწოდოთ, ჩავერთოთ აქციაში და ერთად დავასუფთავოთ აღნიშნული ტერიტორია. ეს ქალაქი არ არის კონკრეტული განყოფილების, ეს ქალაქი ყველასია და ერთად ვიზრუნოთ პრობლემის მოსაგავრებლად", - აცხადებს მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" გიორგი მჟავანაძე.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი