აქ მაინც ნახონ - შუქრუთელების პრობლემების ამსახველი ფოტოგამოფენა პარლამენტში
30 დღეზე მეტია შუქრუთელები შიმშილობენ და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათთან არც მისულან,- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, საკუთარი სამუშაო კაბინეტის წინ გამოფინა.
მისი თქმით, მმართველი ძალის წარმომადგენლები ფოტოებზე მაინც ნახავენ ამ ადამიანების გაჭირვებას.
"ეს ხალხი 30 დღეზე მეტია შიმშილობს. ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მათთან არ ჩასულა. მათ არ შეხვედრია არც კომპანიის გაკოტრების მმართველი, რომელიც ხელისუფლების მიერ დანიშნული პირია.
რადგან „ქართული ოცნება“ ამ ხალხთან არ მიდის და არ ინტერესდება, რაზე აქვთ მათ პრეტენზია და რატომ შიმშილობენ, პარლამენტში წარმოვადგენ ფოტოებს, რათა აქ მაინც ნახონ ის ეკოლოგიური კატასტროფა, რასაც შუქრუთში აქვს ადგილი", - განაცხადა ვაშაძემ.
შუქრუთელები პროტესტის ადრესატი კომპანია "ჯორჯიან მარგანეცია", რომელიც ტერიტორიაზე სამუშაოებს ატარებს, შედეგად კი ადგილობრივების საცხოვრებელი გარემო ნადგურდება. კომპესაციის საკითხზე ადგილობრივების ნაწილსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.
ავტორი: ნიუპრესი