ნამოხვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ორგანიზებულად თბილისში გაემგზავრნენ. მათ ავტომანქანების კოლონები სხვადასხვა ქალაქებიდან გზაში შეუერთდებიან.
"რიონის ხეობის მცველების" თქმით, ამ დრომდე მათი არცერთი მოთხოვნა შესრულებული არაა, ამიტომ აქცია განგრძობადი იქნება.
როგორც ისინი აცხადებენ, თბილისში დარჩებიან, ვიდრე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არ შეწყდება და სამუშაოები არ შეჩერდება.
აქცია დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე გაიმართება. აქციას უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან და მსვლელობით რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი