|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრიანი ფასნამატი - ირაკლი ღარიბაშვილი

არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრიანი ფასნამატი, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მინისტებს მოუწოდა,  დაიბარონ იმპორტიორები და ფასების დაწევა მოთხოვონ. 

„ჩემი დავალებით კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა, თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ საბოლოო სურათს, ჩვენი ჩარევის შედეგად გარკვეულწილად დარეგულირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემებით ვხედავ, რომ არსებობს ძალიან მაღალი მარჟები, მაღალი მოგებით მუშაობენ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია. ასე რომ, მინდა, მოგმართოთ ბატონო მინისტრებო, დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და მოვახდინოთ გონივრულ ზღვარზე  ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრის ფასნამატი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ იმპორტიორები და მოხდება დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. გახსოვთ, წამლებზე ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო იმპორტიორების მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. მჯერა, რომ ეს ადამიანებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას. ეს არის მოლოდინი და იმედი. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ლარი დასტაბილურებულია და ფასების იმავე ნიშნულზე შენარჩუნება არასწორია.

„ადრე იყო ძალიან ბევრი საუბარი ლარის კურსზე, რომ არის მაღალი და ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად, ლარი არის დასტაბილურებული და ამ ადამიანებმა ფასები იმავე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საკვები პროდუქტების ფასებზე და მათი ზრდის გამო ბიზნესი გააკრიტიკა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა