|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არაჩვეულებრივი გამოფენის" პერსონაჟები ბოტანიკურ ბაღში

ცხვირი გავს?–გავს, პირი გავს?–გავს, აბა, რას მერჩით ბატონო“–მოქანდაკე აგული ერისთავი თავად იქცა ძეგლად და პიპინიას, პერის, ბონასა და თავის მეუღლესთან ერთად ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დაიდო ბინა. ამით ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ქუთაისში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.

მოქანდაკე ქეთი მელქაძემ პერსონაჟები თავიანთი ხასიათითა და მანერებით გამოაქანდაკა და ქუთაისს უსახსოვრა. „ორმაისობას“ ქანდაკებების გახსნას ის თავად დაესწრო. ქეთი მელქაძე მასალად ლითონის ბადეს იყენებს, რაც მუშაობას მეტად შრომატევადს ხდის, თუმცა ამბობს, რომ შედეგი შრომას ამართლებს. მას ქუთაისთან დაკავშირებით ახალი გეგმებიც აქვს, რომლის შესახებაც  „ნიუპრესთან“ საუბრობს.

–როდესაც პერსონალური გამოფენა მქონდა ქუთაისში, ვთქვი, რომ ამ ქალაქისთვის კიდევ შევქმნიდი რამეს. დამიკავშირდენ „ბოტანიკური ბაღიდან“ და შემომთავაზეს ქანდაკებების შექმნა. მე ვუთხარი, რომ ქალაქში, სადაც გადაღებულია „არაჩვეულებრივი გამოფენა“, აუცილებელია იყოს პიპინიასა და პერის ქანდაკებები, როდესაც მოვამზადე და ჩამოვიტანე, ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო აგული და ბონაც, ასე შეიქმნა მთელი კომპოზიცია. დავამატეთ მეუღლე, რომ ვინმეს არ ესაყვედურებინა, თუ რატომ დავივიწყეთ რუსი რძალი. მსგავსი მასშტაბის ლითონის ბადის ქანდაკება საქართველოში არ არის და ქუთაისი პირველია.

–აქტიურად თანამშრომლობთ ქუთაისთან, შარშან  პერსონალური გამოფენა გქონდათ, ახლა ქანდაკებები ჩამოიტანეთ,  რა გაკავშირებთ ამ ქალაქთან?

–სხვა რომ არაფერი, ქუთაისი მსოფლიოში სიძველით მეხუთე ქალაქია და მარტო ესაა დასაფასებელი. თუმცა, ადრე ამ ქუთაისში მხოლოდ გავლით ვიყავი ნამყოფი, ახლა უკვე მეგობრები შევიძინე და გამიჭირდება ქუთაისს გვერდი ავუარო და აქ არ გავჩერდე.

–სხვა გეგმებიც ხომ არ გაქვთ ქუთაისთან დაკავშირებით?

–საინტერესო პროექტი შევთავაზეთ ქალაქის მერიას, რომელიც შოთა მურღულიამ მოიწონა და პირველადი სამუშაოებიც ჩავატარეთ. პროექტი ეხება არგონავტიკის და მედეას თემას. გამოცხადებული იყო ამ თემაზე კონკურსი. პროექტზე მე და მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა ერთად ვიმუშავეთ და გავიმარჯვეთ. რუსთაველის ხიდთან, სადაც ტურისტული ცენტრი გაიხსნა, უნდა განთავსდეს ეს ქანდაკებები. პროექტი არც თუ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ბიუჯეტში წელს ვერ მოხვდა. იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

–როგორც ვიცით, ოტია იოსელიანის ქანადაკებაც შექმენით?

–დიახ, ბატონი ოტიას ქანდაკებაც გავაკეთე და დაჩის გადავეცით, ახლა მისსავე სახლ–მუზეუმშია, ოტიას სავარძელში ზის. დაჩიმ მითხრა, დილით რომ გამოვედი, ისე ბუნებრივად იჯდა, უცებ შემეშინდაო. ეს ხუმრობით, მაგრამ მიხარია, რომ ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა.

–როგორ მუშაობთ ქანდაკებებზე და როგორ არჩევთ პერსონაჟებს?

–ვაკეთებ მას, ვინც მიყვარს და რაც მომწონს. ამ დროს ბევრად საინტერესოა მუშაობა.  როდესაც მუშაობ უკვე არსებულ პერსონაჟზე,  მასზე დიდი ფიქრი აღარ არის საჭირო, რადგან უკვე იცი, როგორია, თუმცა შენეული შტრიხი შეგიძლია შეიტანო, ასევე ხდება მუშაობა შეკვეთით. არ მიფიქრია, მაგრამ თუ ვინმე მეტყვის ჰიტლერის გაკეთებას, გავაკეთებ, რადგან ეს ჩვეულებრივი სამუშაოა. მე გავაკეთე სტალინის ქანდაკება და გადავეცი მუზეუმს, რადგან ის არის გენიოსი, რაზეც კამათი არ შეიძლება, განსხვავებით მისი მოღვაწეობისა.

–ბადეზე ბევრი მოქანდაკე არ მუშაობს, რამდენად საინტერესო და რამდენად რთულია ლითონის ბადისგან შექმნა ქანდაკება?

–საინტერესო და შრომატევადია. დღეში ვმუშაობ თითქმის 12 საათი. ძნელია დაიმორჩილო ლითონის ბადე, ეს ფიზიკურ ძალას მოითხოვს, ამიტომ ვაპირებ ცოტა ხნით შემდეგ შევისვენო და ხატვაზე გადავიდე. ექვსი პერსონალური გამოფენა მქონდა, ნამუშევრებს ხშირად გავცემ საჩუქრად, ჩემი ერთ–ერთი ნამუშევარი არის ერევანში.  ერთადერთი არასომეხი ხელოვანი ვარ, რომლის ნამუშვარიც განთავსდა მუზეუმში, ეს, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს.

–თანამედროვე ხელოვნებაზე რას იტყვით, რამდენად არის მოთხოვნადი?

–გააჩნია თანაედროვე ხელოვნებაში რას ვგულისხმობთ, ალბათ მასალას? თორემ რეალური ხელოვნება სულ არის და იქნება მოთხოვნადი. თანამედროვეობაში ზოგჯერ ისეთი უცნაურობები გვხვდება, ვერც ვიგებთ. მხატვარი ფუნჯს რომ შეაწმენდს ტილოს, შეიძლება ეს გაიყიდოს, მაგრამ არ ნიშნავდეს, რომ კარგი მხატვარია. მეც შემიძლია დავჭმუჭნო ბადე და ვთქვა, რომ ის ნამუშევარია, მაგრამ რაელურად ასე არა - მე ასე ვთვლი. ხელოვნება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. არ შეიძლება უყურო ნამუშევარს და ვერ მიხვდე, რას გადმოსცემს. ხელოვნება მაინც კლასიკურ ბუდეში ზის, საგანი მხატვრის სამყაროს უნდა გადმოსცემდეს, იმას თუ რას განიცდის და რომ ვნახავ, არ უნდა ვიფიქრო, - ნეტავ, რის თქმა სურდა მას?.. 

რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ბეტონის კონსტრუქციები მონუმენტური ქანადაკებები არ მაინტერესებს, ძერწვაც დავიწყე, მაგრამ მივხვდი, ამ კუთხით მუშაობა ბევრად მომწონს. ამპარტავნობით არ ვამბობ, მაგრამ ბადით ჯობია გაკეთდეს, ვიდრე ჩამოვასხა ქანდაკება.

    

 

 

მსგავსი: ქეთი მელქაძე : „რასაც გონებაში ვხედავ, იმას ვაკეთებ"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა