არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია - გახარია
არაფორმალური მმართველობა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას არის, თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი.
მისივე თქმით, ქვეყანაში მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემაა.
„ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ჩვენ მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ეს ფაქტია, რომელიც ზედაპირზეა. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს მმართველობის სისტემა დაბალანსებული არ არის და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული გავლენის მქონე ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას ახერხებენ...
ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ოპოზიციასაც ეხება. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერი შევიდეს თუ არ შევიდეს პარლამენტში, ჩავიდა უკრაინაში. რით განსხვავდება, ეს სხვა არაფორმალური მმართველობაა?“, - აღნიშნა გახარიამ.
სანამ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ამ არანორმალურობას არ დავამთავრებთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება მიდრეკილება კერპების მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა. ეს ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის პრობლემაა“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველოში ყოველთვის და ყველა ხელისუფლებას ინსტიტუტების რეალურ გაძლიერებაზე მუშაობა უჭირდა.
ავტორი: ნიუპრესი