არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს
16 არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს.
"ნიუპრესი" გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
"კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“, რამდენადაც, „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით“.
7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების სათანადოდ შესრულება, კერძოდ, კონსულტაციების გამართვა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შემდგომში, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმთავრესი ფუნქცია კანონის შესრულებისა და მთავრობის კონტროლია, მთავრობის ინიციატივის განხილვისას არ იმსჯელა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულების დაცულობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს, პირველ რიგში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით"-ნათქვამია განცხადებაში.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი
- ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
- საქართველოს მედია კლუბი
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ლიბერალური აკადემია - თბილისი
- რეგიონის განვითარების ცენტრი
- გორის საინფორმაციო ცენტრი
- „საუნჯე“
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ავტორი: ნიუპრესი