"ქართულ ოცნებას" ბიულეტენში ჩაწერილი გრიგოლ ვაშაძის სახელი აშინებს"
თვითმმართველობის არჩენების მეორე ტურამდე 2 დღე რჩება. ქუთაისში მეორე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია (49%) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27%) გადავიდნენ. მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტისა, არსებული კანონის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენში მათი კანდიდატის სახელი მაინც იქნება.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარტიამ კანდიდატურის მოსახსნელად ოფიციალური პროცედურები არ გაიარა და არჩევნებზე შედეგის მისაღებად მხარდამჭრების მობილიზაციას ფარულად ახდენენ.
"მიუხედავად მეორე ტურის ბოიკოტის და კამპანიაზე უარის თქმისა, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის გამო ყველა კომისიიდან გამოვიწვიეთ კომისიის წევრები, არ გვიწარმოებია არცერთი აქტივობა, "ქართულ ოცნებას" მაინც ძალიან ეშინია ბიულეტენში დაფიქსირებული გრიგოლ ვაშაძის სახელის და გვარის. რაც უნდა გაავრცელონ, ჭიღვარია მაინც 48%-იან (ესეც გაყალბების, მოსყიდვის და დაშინების ხარჯზე) მერად შევა ისტორიაში და მეორე ტურში ბევრად ნაკლები ამომრჩეველი მისცემს ხმას", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, მმართველ პარტიის წარმომადგენლები ამ გზით ამომრჩევლის გააქტიურებას ცდილობენ, რადგან მოსალოდნელი დაბალი აქტივობა აშინებთ.
"ქართულ ოცნებაში" ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
"ქალაქ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ისეთივე დამაჯერებლად გაიმარჯვებს 12 ნოემბერს, როგორც პირველ ტურში. 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგმა გვაჩვენა, რომ სხვაობა მეორე ადგილზე გასულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატსა და მმართველი გუნდის კანდიდატს შორის 22 %-ს შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ქუთაისის მოსახლეობა ნდობას უცხადებს მმართველ პარტიას და მის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას"-განაცხადეს მმართველ პარტიაში.
რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებულ პროცედურებს, # 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, კანდიდატურის მოხსნა პირველ ტურამდე უნდა მომხდარიყო, მეორე ტური კანდიდატურის მოხსნას არ ითვალისწინებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე