|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულ-გერმანული ცენტრის კონკურსში მონაწილეობა ქუთაისის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლება

ქუთაისში ქართულ-გერმანული ცენტრი 25 წლის წინ გაიხსნა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მეგრელიშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი სიახლე აქვთ დაგეგმილი. 

მისი თქმით, წელს გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლება. 

 "14 მარტს ქართულ-გერმანულ ცენტრში მოსწავლეებისათვის ტრადიციულად ჩატარდება გერმანული ენის შესარჩევი კონკურსი გერმანიაში სამთვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით. წელს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მარტო ქართულ-გერმანული ცენტრის მსმენელებს, არამედ ქუთაისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებსაც. მათ მიეცემათ შესაძლებლობა 3 თვის მანძილზე იცხოვრონ გერმანულ ოჯახებში, ისწავლონ გერმანულ სკოლაში, გაიცნონ გერმანული კულტურა, ეზიარონ ევროპულ ფასეულობებს და ამავე დროს წარმოაჩინონ საქართველო, თავისი ისტორიითა და ტრადიციებით. გამარჯვებულთა მთავარი მასპინძელი ზაარბრუკენში იქნება ზაარლანდის ქართულ-გერმანული საზოგადოების თავმჯდომარე და ცენტრის დიდი მეგობარი ქალბატონი გიზელა ჰაილი, რომელიც უკვე წლებია, ზრუნავს ახალგაზრდების ევროპულ განათლებასა და წარმატებაზე და რომლის პატრონაჟითაც ტარდება კონკურსი გერმანულ ენაში"-განაცხადა ნანა მეგრელიშვილმა. 

მისი თქმით,  წელს ქართულ-გერმანულ ცენტრსა და „მეიჯერელ საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, “მეიჯერელ საქართველო” 40 ახალგაზრდას ნაწილობრივ დაუფინანსებს სწავლის საფასურს.

 ცნობისთვის, ცენტრმა თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ, არაერთი კულტურული თუ საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა.

 

გერმანიის მოქალაქემ ქუთაისში მცხოვრებ ოჯახს 10 ათასი ევრო უანდერძა

 გიზელა ჰაილი - "სიკეთის კეთებას ბევრი არაფერი სჭირდება"

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი