აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს(R)
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილეს, ტომას მორისს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს, ელიზაბეტ ლეონარდის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ოფიცერს, შამენა გალის შეხვდა.
როგორც კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილემ, ტომას მორისმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები გადმოსცა საჩუქრად.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა USAID-ისა და USDA-ს წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები განთავსდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, სადაც ცენტრის თანამშრომლებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის კვლევის განხორციელების საშუალება ექნებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტიანი ინფორმაციის შეგროვებისა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელების მიმართულებით.
ავტორი: ირინა მაკარიძე