შუქრუთელებს ძალიან მარტივი და კანონიერი მოთხოვნა აქვთ - გიორგი ვაშაძე
აშშ-ს საელჩოსთან მოშიმშილე შუქრუთელებს ძალიან მარტივი მოთხოვნა აქვთ, კანონიერად მოხდეს ზარალის ანაზღაურება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
მისი თქმით, შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც აშშ-ს საელჩოსთან აქციას მართავენ, დღეს მშრალ შიმშილობაზე გადადიან, რაც უკიდურესზე უკიდურესი ფორმაა.
"მე ვთხოვე მათ, რომ იქნებ რამდენიმე დღით გადაწიონ მშრალი შიმშილობა, რადგანაც ეს უკიდურესზე უკიდურესი ფორმაა. თან ნაშიმშილებ ორგანიზმზე, არ ვიცით, როგორ შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ ძალიან მარტივი მოთხოვნა აქვთ, რომ სამმხრივი შეთანხმება მოხდეს, "ჯორჯიან მანგანეზს", მოსახლეობას და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შორის. როგორც კანონშია გაწერილი ზარალის ანაზღაურების წესი, ასე მოხდეს ზარალის ანაზღაურება. შეფასება მოხდეს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ჭიათურიდან ასეულ მილიონობით თანხის მანგანუმი გადის და უსამართლობაა, რომ მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
"ჭიათურიდან გადის ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარის შავი ოქრო, მარგანეცი. არ არის სამართლიანი, როცა ქალაქი გაუბედურებულია და ხალხს სახლები ენგრევა, ეკოლოგიური კატასტროფაა და შიმშილია. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი საქართველოში ჭიათურაშია. ეს სისტემური პრობლემაა", -განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოსთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები მეხუთე დღეა, შიმშილობენ. ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს კი, მათი მდგომარეობით დაინტერესებას თხოვენ. დღეს პროტესტის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
ავტორი: ნიუპრესი