ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. ამის შესახებ ხურციძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
სპორტსმენის განცხადებით, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა.
"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, - აცხადებს ავთანდილ ხურციძე.
ცნობისთვის, 2018 წლის სექტემბერში, 41 წლის ავთანდილ ხურციძეს ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირის გამო, რეკეტსა და თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
ავტორი: ნიუპრესი