ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები კლინიკებში რჩებიან
18 მარტს ქუთაისი- წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან. ორი გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ორი ბიჭი კი იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად რთულია. კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავას განცხადებით, იმ არასრულწლოვანის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, შედარებით გაუმჯობესდა.
"მას გაუკეთდა ოპერაცია ბარძაყზე, ლავიწზე, მოხდა ჩარევა ფილტვზე, პლევრაში სითხე ჰქონდა, ნეკნების დაჟეჟილობა, ამ ეტაპზე სტაბილურია, გონზეა, კონტაქტში შემოდის, აპარატიდან მოხსნილია. მიუხედავად მისი მრავლობითი ტრავმვებისა, მოხერხდა ამ ახალგაზრდის მდგომარეობიდან გამოყვანა", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
არსებული ინფორმაციით, რთულია ასევე ერთ-ერთი გოგონას მდგომარეობა.
შეგახსენებთ, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რომელსაც არასრულწლოვნები მართავდნენ. 5 არასრულწლოვანი კლინიკებში გადაიყვანეს, სადაც მეთერთმეტეკლასელი გოგონა მეორე დღეს გარდაიცვალა.
ავტორი: ირინა მაკარიძე