ბახის მუსიკის აქცია-კონცერტს ყველაზე პატარა მონაწილე ქუთაისიდან შეუერთდა
იოჰან სებასტიან ბახის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართა. მას ქუთაისიდან პირველი სამუსიკო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ქრისტი ყურაშვილი შეუერთდა.
ქრისტი ყველაზე პატარა მონაწილე იყო, რომელმაც ბახის ერთ-ერთი კომპოზიცია შეასრულა. მისი პედაგოგია გიული მოწონელიძე. ორგანიზატორები ინტერესით შეხვდნენ წინადადებას, რომ აქცია მომავალში ქუთაისშიც მოეწყოს.
ქრისტი ყურაშვილი 7 წლისაა, იმედოვნებს, რომ ასაკის გამო შეზღუდვა მოეხსნება და აპრილში დაგეგმილ ბახის სახელობის კონკურსში გამონაკლისის სახით შეძლებს მონაწილეობას.
ბახის მუსიკის ღია ცის ქვეშ შესრულება რამდენიმე წლის ნიუ იორკში დაიწყო და შემდეგ მთელი მსოფლიო შეუერთდა. ამერიკელმა ჩელისტმა დეილ ჰენდერსონმა კლასიკური მუსიკა აკადემიური სივრციდან ანდერგრაუნდში გადაიტანა. მისი იდეა სხვადასხვა ქვეყნებმა აიტაცა და ყოველწლიურ მოვლენად იქცა. აქცია დღეს თბილისში გაიმართა, რომლის ორგანიზატორია ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, 17 წლის ანა ვაშაყმაძე.
ავტორი: ნიუპრესი