ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები - - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მრჩეველი ოფიციალურად იქნება.
ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში გაიხსენა მისი პოლიტიკაში მოსვლის, შემდეგ კი წასვლის პირველი გადაწყვეტილება და ამის მიზეზები.
„როგორც მოგეხსენებათ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან ერთ წელიწადში კი იმის რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი