ბიზნეს ფორუმი - ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016‘’ ბიზნეს ჯორჯიას ორგანიზებით აჭარაში გაიმართა (R)
ბათუმი 29 სექტემბერი 2016 - კომპანია Business Georgia-მ 29-30 სექტემბერს ბიზნეს ფორუმს ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ ციხისძირში მდებარე სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“ უმასპინძლა. თემის ფარგლებში განხილული იქნა ‘’საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი’’. ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის, ტურიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს განავითაროს კერძო სექტორი.
ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მაღალი დონის პოლიტიკოსები, ექსპერტები და სპეციალისტები კერძო სექტორიდან, აკადემიკოსები და მედია წარმომადგენლები, რომლებმაც ტურიზმის განვითარების მიზნით გაცვალეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი იდეები, ცოდნა და გამოცდილება.
ბიზნეს ჯორჯიას გენერალური დირექტორის, ანა გოგიშვილის განცხადებით, ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ ყველაზე საინტერესო და შედეგის მომცემი ტურისტული ფორუმი იყო, რომლის მეშვეობითაც ქართველ და საერთაშორისო სტუმრებს გავუზიარეთ საქართველოს ტურიზმის წარმატების ისტორია, მიმდინარე ამოცანები, გადაწყვეტის გზები და პრაქტიკული მაგალითები.’’
‘’ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნეს ჯორჯია ბიზნეს ფორუმს ტურიზმის ინდუსტრიის თემაზე ულამაზეს, ტურისტულად აქტიურ რეგიონ - აჭარაში მასპინძლობს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება კულტურულად და ისტორიულად მდიდარ გარემოში. განსახილველი თემები შერჩეული იყო ისე, რომ გაჩენილიყო მოსაზრებები, რომელებიც გაზიარებადი და პრაქტიკაში გამოყენებადია, მაგალითად თუ როგორ უნდა დავიპყროთ ტურისტის გული კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გარემოში,’’განაცხადა ანა გოგიშვილმა.
ფორუმს გაუძღვა ბიზნეს ჯორჯიას მთავარი რედაქტორი, ბ-ნი სანდრო ვეფხვაძე. ბიზნეს ფორუმი შედგებოდა ორი სესიისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ადამიანები. პირველ სესიაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია წარმოადგინა და მიმოიხილა ქართული ტურისტული ინდუსტრია. სესიაზე ასევე წარდგა, რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აჭარის რეგიონის წარმატების ისტორია გაუზიარა.
ბიზნეს ფორუმი „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ თითქმის ყველა ტურისტულ მიმართულებას შეეხო: ეკო - ტურიზმი, ისტორიული და კულტურული ტურიზმი, რეკრეაციული, სათავგადასავლო & სპორტული, ასევე ზამთრის, სათამაშო, მასპინძლობითი და გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ასევე მოეწყო სადისკუსიო პანელი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმ ორგანიზაციებმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის განკუთვნილ სხავდასხვა პროგრამების განხორციელებაში არიან ჩართულნი.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, საპარტნიორო ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის უპირატესობები, სამიზნე ბაზრები, ბარიერები და სირთულეები, პანელის ბოლოს კი გამოიკვეთა სამომავლო გეგმები ტურიზმის მიმართულებით.
ავტორი: ნიუპრესი