|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოდიში აფხაზ ძმებს ქუთაისის სცენიდან

ათ წელზე მეტია ქუთაისის დრამატული თეატრის სცენიდან სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ მკაფიო გზავნილი მიდის სოხუმში. მსახიობები აფხაზებს სცენიდან ბოდიშს უხდიან. ბოდიშს უხდიან ერთმანეთს აფხაზი და ქართველი დედა იმ ტკივილისათვის, რაც აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ვერ განელდა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზური ენის გაგონება (სადაც მსახიობები  ენდი ძიძავა და გიორგი ზანგური აფხაზურად საუბრობენ) განსაკუთრებულ  ემოციებს აღუძრავს მაყურებელს, რომელთაც ენატრებათ სოხუმი და ბევრისთვის მშობლიური აფხაზურიც.

ჩვენ გვსმენია ქუთაისის სპექტაკლზე, თურმე აფხაზი დედა თამაშობს, თან აფხაზური ისმის, მართალია, ხომ?- მკითხა სოხუმელმა ფოტოგრაფმა იბრაგიმ ჭკადუამ, რომელიც კვიპროსის კუნძულზე გავიცანი, ქალაქ ფამაგუსტაში, სადაც შვიდი ქართველი, შვიდი ოსი და შვიდი აფხაზი ჟურნალისტი ერთი კვირის მანძილზე კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის გზებზე ვმსჯელობდით.

აფხაზ კოლეგებს დავპირდი, რომ სპექტაკლის ჩანაწერს გავუგზავნიდი, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ სოხუმში ქუთაისელთა ეს სპექტაკლი უკვე უნახავთ და დადებითი რეაქციაც ჰქონიათ.

,,ბამბაზიის სამოთხე” 2007 წელს ქუთაისის თეატრში დაიდგა,- დღესაც აქტუალურია და არ ჩამოდის სცენიდან... როგორც პიესის ავტორი, ახალგაზრდა მწერალი ნინო სადღობელაშვილი ამბობს- ქუთაისის თეატრში სულ ახსოვთ აფხაზეთი.

 ნინო სადღობელაშვილი: ,,ბამბაზიის სამოთხექუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში დაიდგა. ამ მოთხრობაში აფხაზეთის თემა ასეთი გამოკვეთილი არც იყო. მაგრამ, ჩემმა მეგობრებმა, რეჟისორებმა: იოანე ხუციშვილმა და გიორგი სიხარულიძემ წაიკითხეს და გაჩნდა მისი პიესად ქცევის იდეა, სადაც მთავარი თემა უკვე კონფლიქტის თემა იქნებოდა. აფხაზების და არა აფხაზეთის დაბრუნების თემა. ეს პრინციპულად გასამიჯნი (უფრო სწორედ, პრინციპულად ერთიანი) საკითხია და ჩვენ პიესაში ეს სათქმელი გვაქვს: მხოლოდ მიწა კი არა,- აფხაზები გვყავს დასაბრუნებელი!

აფხაზეთში ხომ არ უნახავთ სპექტაკლი?

ძალიან მინდა, ეს სპექტაკლი აფხაზებმა ნახონ. თუმცა სოხუმში, მგონი, დისკზე ჩაწერილიბამბაზიის სამოთხე” 30-იოდე აფხაზმა ნახა. როგორც გვიამბეს, ის წრფელი გულით მიუღიათ და მაშინვე შეუმჩნევიათ, რომ ეს სპექტაკლი აფხაზეთის თემით მორიგიდაბოლებაკი არ იყო, არამედ ვიღაცები მართლა ფიქრობენ და სტკივათ იგი. მაგრამ, ამის იქით პროცესი აღარ წავიდა. ხიდები ისევ ჩატეხილია და გულები გაყინული. ბევრი შრომა სჭირდება, რომ ყველაფერი აღდგეს და დალაგდეს.

ეს იყო რეჟისორ გიორგი სიხარულიძის პირველი სპექტაკლია ქუთაისში და მან უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: მოხსნა თეატრალური ანშლაგების ყველა რეგიონული რეკორდი!

 

,,ბამბაზიის სამოთხე“ ქართველი და აფხაზი, ორი  შვილმკვდარი დედის სევდიანი ისტორიაა, ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული ტკივილი.. სპექტაკლის მიზანიც სწორედ ეს იყო - კონფლიქტის მოგვარების  აპოლიტიკური ვერსია, როცა პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გაჯერებს: ,, ტერიტორიების დაბრუნება კი არა, ადამინებთან(აფხაზებთან) ურთიერთობის აღდგენაა მთავარი!“

სპექტაკლის თემა აფხაზეთის ომია, რომელიც სულ რაღაც ორი ათეული წლის წინად მოხდა.  მის მიერ მოყენებულ ჭრილობებს ერი დღემდე ვერ იშუშებს. განსაკუთრებით უფროს თაობას ის  გუშინდელი კოშმარივით ახსოვს, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. რეჟისორის მთავარი სათქმელი სრულიად მისაღები და გასაგებია.

შვილმკვდარ ქართველ დედას ელენეს (მარიკა სამანიშვილი) საკუთარი შვილის ცხედრის, აფხაზეთიდან თბილისში  გადმოსვენება სურს. თავად ფაქტი – დედის ტრაგედია, რომელსაც ომში დაეღუპა შვილი, იქნება ეს ქართველი თუ აფხაზი, რომლის რეალური მაგალითები ჩვენს უახლოეს წარსულში მრავლად არის,  სულისშემძვრელია ნებისმიერი ქართველისათვის და არა მარტო ქართველისათვის. სრულიად იგივე ადამიანური თანაგრძნობის განცდა გიჩნდება აფხაზი შვილმკვდარი დედის მიმართ, რომლის როლსაც ენდი ძიძავა ასახიერებს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, „ომში ყველა ერთნაირად დამნაშავეა“. სპექტაკლის ის სათქმელიც, რომ აფხაზები და ქართველები ძმები ვართ, რომ ერთმანეთის მიმართ დაკარგული და ზიზღში გადაზრდილი სიყვარული უნდა ჩაანაცვლოს პატიებამ, უნდა აღდგეს დანგრეული ძმობა და „ჩატეხილი ხიდი“, სრულიად მისაღები და გასაგებია.

სპექტაკლი თავის კულმინაციას აღწევს და როგორც იქნა  ელენე ჩადის აფხაზეთში, თავისი შვილის საფლავზე. იმართება დიალოგი განრისხებული აფხაზ დედასა და ელენეს შორის. აფხაზ ქალს თავისი შვილი და მისი მკვლელი, ქართველი რატი, ერთმანეთის გვერდით დაუსაფლავებია და ისევე უვლის მის საფლავს, როგორც თავისი შვილისას. საბოლოოდ დედები ერთმანეთს ბოდიშს უხდიან, ისინი ტირილით ქართულ-აფხაზურ სიმღერას მღერიან, რა დროსაც დარბაზში მაყურებელი ემოციებსა და ოვაციებს ვერ ფარავს.

                   მსახიობი მარიკა სამანიშვილი (ქართველი დედის როლის შემსრულებელი)

 „ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ. ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი  რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი. ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს  ერთმანეთისაკენ. ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება.

 

     ქართველი დედა-მ.სამანიშვილი

                              მსახიობი ენდი ძიძავა(აფხაზი დედის როლის შემსრულებელი)

 „ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს. ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს. გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა. ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები. ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის, ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის, ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.

 

აფხაზი დედა-ე.ძიძავა

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ქუთაისელმა თეატრალებმა აფხაზეთის თემას რაღაც გასაღები უპოვეს. რაც მათ სათქმელს და სათქმელის ფორმას ზუსტად მოერგო. ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს? პოლიტიკოსებმა, არიან რა ვალდებულნი ხალხის დაკვეთა შეასრულონ, უნდა გააკეთონ  ყველაფერი, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი, გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ  ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს. დროა კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა, რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში, ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.

 არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა- ეს ფრაზა არ ვიცი ვის ეკუთვნის, მაგრამ ძალიან მომწონს და ხშირად ვამბობ ხოლმე.  ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსული შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან.  ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას. რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების  გამონახვა? ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.

 

 

 

 

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა