ჩვენ მკაცრ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს - გიორგი გახარია
ჩვენ მკაცრ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რაც ყველას უნდა ესმოდეს.
„ჩვენ პირველი ტაღლის დროს სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოკდაუნი გამოვაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში. ქვეყანაში იყო პირბადეების დეფიციტი. მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და მსოფლიოსთან ერთად ამ ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ცოდნა არ გვქონდა, ვიმედოვნებდით, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ სხვა მდგომარეობაში. მაშინ მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი, მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორად დაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ნიუპრესი