|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი მთავარი მონაპოვარი - თავისუფლება, დემოკრატია უნდა შევინარჩუნოთ და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება“ (R)

ჩვენი მთავარი მონაპოვარი - თავისუფლება, დემოკრატია უნდა შევინარჩუნოთ და ამის გარანტი არის პარტია „ქართული ოცნება“, უნდა ავაშენოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, იქნება დაცული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. არ უნდა ვიყოთ შეპყრობილი იმით, რომ მხოლოდ ჩვენი აზრი იყოს გათვალისწინებული, უნდა მოვისმინოთ განსხვავებული აზრიც ქვეყანაში.

 „მჯერა, რომ ჩვენ ასეთ პოლიტიკურ კულტურას აუცილებლად დავამკვიდრებთ ქვეყანაში და პოლიტიკას ავიყვანთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე. უფრო მეტი სიყვარულია საჭირო, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო და ყველაფერი ამ მიმართულებით იქნება მოგვარებული“,-აღნიშნა კალაძემ.

 „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში.

„თქვენ ხედავთ, როგორ მშვიდ, წყნარ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. არავინ დევნის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხელკეტებით, ქვებით, როგორც ჩვენ გვდევნიდნენ 2012 წელს. ეს მწარე მაგალითები ჩავაბარეთ უკვე გასულ წლებს. არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ისეთი მთავრობა, ისეთი ხელისუფლება, რომლებიც განსხვავებულ აზრის მქონე მოქლაქეებზე იძალადებს. ჩვენი მთავარი მონაპოვარი - თავისუფლება, დემოკრატია, უნდა შევინარჩუნოთ და ამის გარანტი, რომ ამ მონაპოვარს ვერავინ შეეხება, არის ჩვენი გუნდი, პარტია „ქართული ოცნება“. თქვენ არავინ გაკადრებთ, გინდა თუ არა ნომერი 41, „ქართული ოცნება“ შემოხაზეთ, ამა არც ჩვენ თავს არ ვაკადრებთ. ზრდასრული ადამიანიები ბრძანდებით და კარგად ხედავთ, რა იყო, სად ვართ და რა იქნება მომავალში“,-მიმართა კალაძემ შეხვედრის მონაწილეებს.

მანვე სოფლის მცხოვრებლებს ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინა.

 „ჩვენ გვყავს წარმოდგენილი ორი მართლაც ღირსეული ადამიანი, ლაშა გოგია და ირაკლი ბერაია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც, იღებენ თქვენს წინაშე. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი, რაც ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ გასაჭირს, იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებთ ყველა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ აქვე გეტყვით, ქვეყანაში ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, ვისაც შეუძლია ამ პრობლემების რეალურად მოგვარება. „ქართული ოცნებაა“ ის ძალა,რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე“,-აღნიშნა კალაძემ.

 როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, სტაბილურობა და სიმშვიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის სწორედ საფუძველი უცხოური, თუ ადგილობრივი ინვესტიციების განსახორციელებლად.

 „ქვეყანაში სიწყნარის, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი არის მთლიანად ჩვენი გუნდი და პარტია „ქართული ოცნება“. ახლა მთავარია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ამ გუნდის გამარჯვებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. მინდა, გისურვოთ წარმატებები, მინდა ყოველი დილა იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენგანისთვის“,- განაცხადა კალაძემ სოფელ ცაცხვის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

პარტიის გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის  საყოველთაო ჯანდაცვაზე, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობაზე, ათასობით დევნილი ოჯახისათვის ქონების  საკუთრებაში გადაცემაზე, განათლების,  სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის  მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად, რომელიც  ქვეყნის სწრაფ განვითარებას ითვალისწინებს,  ყველა ეს პროგრამა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ, კიდევ უფრო დაიხვეწება და ფართო მასშტაბებს მიიღებს.

ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრებმა-მანანა კობახიძემ და ზვიად ძიძიგურმა.    

ავტორი: ნიუპრესი