"ჩვენთვის ახლა მთავარია ნოდარ ბურდილაძე გადარჩეს" - ნიკა მელია
ჩვენთვის ახლა მთავარია ნოდარ ბურდილაძე გადარჩეს - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციიის წარმომადგენლელმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე მომხდარ შეირაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას განცხადებით, ნოდარ ბურდილაძეს სამი ჭრილობა, სხვადასხვა ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა. ბურდილაძე თერჯოლის საავადმყოფოში იმყოფება. მის მოსანახულებლად თერჯოლაში ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაემგზავრა.
„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და "ქართული ოცნების" ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს,“- აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია დროულად არ მივიდა, რის გამოც ბურდილაძე იძულებული გახდა, თავად წასულიყო საავადმყოფოში. მელიას ინფორმაციით, ავტომობილის მართვის დროს მან გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ის ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში.
„ონის საავადმყოფოში იგი გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული, პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი "ქართული ოცნების" ონის მერთან, ემზარ კაპანაძესთან, რომელიც გახლავთ ქალაქ ონში იგივე პერსონა, რაც არის ენზელ მკოიანი ახალქალაქში. ის გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნების გამო მობილიზება გაუკეთა კრიმინალურ ძალებს.
ავტორი: ნიუპრესი