|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს „ცისფერყანწელთა“ თეატრი ექნება და ეს ღირსების დაპირებაა"

ქუთაისში "ცისფერყანწელთა თეატრის" შექმნა იგეგმება, ამის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ "ორმაისობის"დღესასწაულზე განაცხადა. მისი თქმით, თეატრი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.  თემით "ნიუპრესი" დაინტერესდა.

თეატრის შექმნის სხვა დეტალებთან დაკავშირებით ამ დროისათვის მერიაში არ საუბრობენ, როგორც გვითხრეს, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი თვის ბოლოს იქნება შესაძლებელი. 

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის განცხადებით, თეატრის შექმნის იდეა დრამატული თეატრის მსახიობებს ეკუთვნით. "ეს ჩვენი თეატრის ახალგაზრდების ინიციატივაა, რომელსაც მხარი დაუჭირა მერიამ.  ჩვენ მხრიდან, ამ იდეას აქვს ყველანაირი მხარდაჭერა", - განაცხადა კოტე აბაშიძემ.

თემის  შესახებ "ნიუპრესი" ცისფერყანწელების თეატრის შექმნის იდეის ერთ-ერთ ავტორს, მესხიშვილის თეატრის მსახიობს რეზი ქაროსანიძეს ესაუბრა.

-როგორც გავარკვიეთ, ამ თეატრის იდეა თქვენ გეკუთვნით, გვიამბეთ, როგორ გაჩნდა იდეა და რას გულისხმობს თეატრის კონცეფცია?

-იდეა დაიბადა ისე, როგორც, ალბათ, ნებისმიერ შემოქმედებით და თეატრალურ გარემოში იბადება, იდეა დაიბადა ჩვენს თეატრში და ჩემს მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება თეატრის კონცეფციას, გვინდა იყოს თავისუფალი, ყველა სივრცის არტისტისტისთვის საინტერესო, მეტი ექსპერიმენტებით და გაბედულებით, რაც მთავარია, იმ მოქალაქეობრივი ღირსებით, რაც არის კიდეც ცისფერყანწელების განსაკუთრებული ნიშა.

- თეატრი ცისფერყანწელთა სახელობის იქნება, თუ მათ შემოქმედებასთან გექნებათ კავშირი? 

-ჩვენი იდეის თეატრისთვის „ცისფერყანწელთა“ სახელი არის მისი სულისკვეთების გამომხატველი. ეს არის მთავარი, იქნება ეს მათი შემოქმედების კოლაბორაციით, თუ მის გარეშე, ნებისმიერი სიტყვა და გრძნობა ზუსტად იმ ენერგეტიკის მატარებელი იქნება, რითაც დაიწყეს და რისთვისაც დაიწყეს ცისფერყანწელებმა. ჩვენი იდეის თეატრი უფრო არის რეპრესიის წინააღმდეგ პროტესტის ერთობა ყველა დროში.. გუშინ, დღეს, ხვალ!

- რა იგეგმება, რას უნდა ველოდოთ ამ თეატრისგან? 
-ჩვენმა ჯგუფმა ერთი პროექტი უკვე დააანონსა 2 მაისს ქუთაისში. პერფომანსის ფორმით, ღია ცის ქვეშ, საქართველოს კონსტიტუციის და „ცისფერყანწელების“ პირველთქმა/მანიფესტის ერთგვარი მიქსით. ვფიქრობთ, რომ არ გამოვიდა უინტერესო. იყო პატრიოტული პათოსიც, სოციალური აქცენტიც და გვინდა, მსგავსი პროექტები უფრო მეტი და ხშირი გვქონდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ის საჭირო და მისაღები. ჩვენთვის მთავარი მუხტი ზუსტად ეს ინტერაქციაა ქუჩასთან, ხალხთან, საქმიანთან და უსაქმოდ დარჩენილთან, მაძიებელთან ან წარმატებულთან, ხანდაზმულთან და ახალგაზრდასთან, ყველასთან, ვისაც საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ ქალაქზე უნდა ლაპარაკი ნებისმიერი ენით.


-ვინ ხართ თანამოაზრეთა ჯგუფში? 
- თანამოაზრეთა ჯგუფში ბევრი ვართ. თეატრის მეგობრები, ჩვენი მსახიობები. თანამოაზრეა ყველა, ვინც მხარი დაგვიჭირა და ჩვენი სურვილი გადაედო სიტყვით, ან მოლოდინით, ან რწმენით, რომ რაღაცას ერთად შევძლებთ.


- რა ეტაპზეა პროცესი და რას გპირდებიან მერიიდან,  რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება?
- გიორგი ჭიღვარიას და გიორგი იობაშვილს შევხვდით და პირველივე ნაბიჯი მათგან წამოვიდა. რაღაცნაირად ძალიან გულწრფელი და სასიამოვნოდ უბრალო იყო ჩვენი დიალოგი. მხარდაჭერის და იდეის სრულად გაზიარების სურვილით. ახალი თეატრის აშენების (!) ინიციატივა მათი იყო. ჩვენ უფრო მარტივ ალტერნატივებს „ვითხოვდით“. მოკლედ, არის შეპირებაც და არის უკვე ბევრჯერ გაცხადებულიც ოფიციალურად ქუთაისის მერის მიერ, რომ ჩვენს ქალაქს „ცისფერყანწელების“ თეატრი ექნება და ეს ჩვენთვის, ისე როგორც მათთვის, ღირსების დაპირებაა.

   

ფოტოზე: კადრი ორმაისობის პერფომანსიდან

ავტორი: ირინა მაკარიძე