ქუთაისში ცნობილი ბარიტონი გოჩა აბულაძე კონცერტს გამართავს
25 სექტემბერს ქუთაისის ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრში ბარიტონი გოჩა აბულაძე ავსტრალიელ მეგობარ, ტენორ ალდო დი ტოროსთან ერთად კონცერტს გამართავს.
გოჩა აბულაძის თქმით, ავსტრალიელი ტენორი მისი მოწვევით ჩამოდის.
"ავსტრალიელი ტენორი, ჩემი მეგობარი ჩამოდის. არის ძალიან კარგი მომღერალი, მასთან ერთად გერმანიაში შესრულებული მაქვს იაგოს როლი სპექტაკლში "ოტელო", ის ოტელო იყო. შემდეგ მიმიწვია ფესტივალზე იტალიაში. ახლა ქუთაისში ველოდებით. იქნება ძალიან კარგი კონცერტი", -განაცხადა გოჩა აბულაძემ.
მისი თქმით, განიცდის, რომ ქუთაისთან ხშირი კავშირი აღარ აქვს.
"ყოველთვის ძალიან განვიცდი ქუთაისთან ისეთი ურთიერთობა რომ აღარ მაქვს. ვცდილობ, ყოველთვის ჩემი სიმღერით მოვეფერო. ახლაც, დასვენება ქუთაისში გავატარე და შევისვე დანაკლისი"-განაცხადა გოჩა აბულაძემ.
კონცერტზე ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს, დირიჟორობას კი რევაზ ჯავახიშვილი გაუწევს.
როგორც ოპერის თეატრში განმარტავენ, კონცერტით სეზონი არ გაიხსნება. სეზონს ოქტომბერში პრემიერით გახსნიან. ქუთაისის ოპერის თეატრი მსმენელის წინაშე სპექტაკლით "ქეთო და კოტე" წარსდგება.
ავტორი: ნიუპრესი